ბარიტონი აკაკი გუგუშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. 2016–2019 წლებში სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში. 2019 წელს მიიღო იურისტის ბაკალავრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ნიჭის გამო, 2020 წელს სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ თეიმურაზ გუგუშვილის კლასში. მან კონსერვატორია დაამთავრა 2024 წელს უმაღლესი ქულებით. სწავლის პერიოდში იგი სხვადასხვა სტიპენდიების მფლობელი იყო.
მისი პროფესიული დებიუტი შედგა 2022 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ჯ.პუჩინის ოპერა „ბოჰემა“ მარჩელოს როლში. ამავე ოპერის სცენაზე მან 2023-2025 წლებში შეასრულა შემდეგი როლები: გარიდო ჟ.მასნეს „ნავარიელი ქალი“, მსახურთუხუცესი ზ.ფალიაშვილის ოპერაში “აბესალომ და ეთერი” აბიმელეხი კ.სენ–სანის ოპერაში „სამსონი და დალილა“, შარპლესი ჯ.პუჩინის ოპერაში „ჩიო–ჩიო სანი“.
კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში აკაკი გუგუშვილმა შეასრულა არაერთი მნიშვნელოვანი როლი, საოპერო სტუდიის სცენაზე, თბილისის ოპერის ორკესტრთან ერთად, მათ შორისაა, ჯანი სკიკი (ჯ. პუჩინი – „ჯანი სკიკი“), რიგოლეტო (ჯ. ვერდი – „რიგოლეტო“), ფიგარო(ვ.ა მოცარტი–ფიგაროს ქორწინება), დულკამარა (გ. დონიცეტი – „სიყვარულის ნექტარი“) და სხვები.
2024 წელს იტალიაში შედგა მისი საერთაშორისო დებიუტი, სადაც მაესტრო რობერტო სკანდიუცის რეჟისორობით გ. დონიცეტის ოპერაში „დონ პასკუალე“ დონ პასკუალეს როლი შეასრულა.
2022 წელს ბულბულის საერთაშორისო მე-8 საიუბილეო ვოკალურ კონკურსში აკაკი გუგუშვილი შეირჩა 100 მონაწილიდან ტოპ ათეულში. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო სოპრანო თამარ ივერის მიერ დაფუძნებულ შავი ზღვის საერთაშორისო “ოპერის ოქროს ხმა“ – ვოკალური აკადემიის კვირეულში,სადაც გაიარა რობერტო სკანდიუცის, ვესელინა კაზაროვას, მაურიციო ტრეჟოს და ბოჟიდარ ნიკოლოვის მასტერკლასები. 2025 წელს ამავე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შეასრულა ალფიოს როლი პიეტრო მასკანის ოპერაში „სოფლის ღირსება“ და მაესტრო მეთიუ აბელის მასტერკლასის შედეგად შეირჩა 16 საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალს შორის გალა–კონცერტისთვის.
